logo
ENG



კობახიძე "უხამსობაზე" კანონზე: კაცმა მომწერა ევროკომისიიდან, SMS მაქვს, რასაც ითხოვდნენ

01 ნოე 202314:24
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "უხამსობის" შესახებ კანონზე ამბობს, რომ ტელეფონში ევროკომისიის წარმომადგენლისგან მიღებული "მესიჯი" აქვს, სადაც პუნქტობრივად არის ჩამოწერილი, რა ცვლილებების შეტანასაც ითხოვდნენ მაუწყებლის შესახებ კანონში. 

"უხამსობას რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ კანონპროექტის თითოეული დეტალი იყო გავლილი, კომუნიკაცია არსებობს, მათ შორის უხამსობის ნაწილშიც და უხამსობას რაც შეეხება, ეს ნორმა იყო ისედაც კანონპროექტში. კომუნიკაცია არსებობს, სადაც გვეუბნებიან, რომ ერთი მუხლიდან უნდა გადავიდეს ეს მეორეში. რაც გვითხრეს, ზუსტად ის გაკეთდა. იმეილი... ყველანაირი კომუნიკაცია არსებობს. თუ ევროკომისიის ინტერესი იქნება, შეუძლიათ მათ გამოაქვეყნონ. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, ევროკომისიას და მათი ნებართვის გარეშე ამ დახურულ კომუნიკაციას ვერ გავასაჯაროებთ. 

კანონპროექტი გასაჯაროვდება, ალბათ, დღესვე, მეც მაქვს ჩემს ტელეფონში მესიჯი, სადაც არის პუნქტობრივად ჩამოწერილი, რასაც ითხოვდნენ. კაცმა მომწერა ევროკომისიიდან. როგორ შეიძლება ეს დახურული მესიჯი... თუ თანახმა იქნება ევროკომისიის კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირი, კი ბატონო, მითხრას და გავასაჯაროებ", - ამბობს კობახიძე. 

მისი თქმით, ევროკომისიამ მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონმდებლობის ინიცირება 8 ნოემბრამდე ითხოვა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს კომისიის შიგნით არსებულ ინსტიტუციურ საკითხებს ეხებოდა. 

***

პარლამენტმა "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა. 

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. 

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.


close დახურვა